ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

ჩინეთი არაა მზად რომ რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას მხარი დაუჭიროს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა განაცხადა. 

მისი თქმით,  G20-მა მომავალშიც უნდა ითანამშრომლოს საერთო პრობლემების გადაჭრის საკითხებში, როგორიცაა პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა და რუსეთი ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრია. 

"არც ერთ ცალკეულ წევრს არ ხელეწიფება სხვა ქვეყნის გარიცხვა. "დიდმა ოცეულმა" უნდა გააძლიეროს ერთიანობა და თანამშრომლობა", - თქვა სპიკერმა.

პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა.

ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება.

ასევე წაიკითხეთ 

Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა